ევროკავშირში გაწევრიანებას 83%, NATO-ში გაწევრიანებას კი 77% უჭერს მხარს

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ტრადიციულად მხარს უჭერს.

კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? NDI-ის ცნობით, გამოკითხული მოსახლეობის 83%-ისთვის მისაღებია, 8%-ისთვის მიუღებელი, ხოლო პასუხი კითხვაზე არ იცის 3%-მა.

ამავე კვლევის მიხედვით, მოქალაქეები თანხმდებიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.

კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს NATO-ს წევრი? გამოკითხული მოსახლეობის 77%-ისთვის მისაღებია, ხოლო 11%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის 12%-მა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ NATO-ში გაწევრიანება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.