დღეს პროკურატურის წარმომადგენლები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შხვედნენ. შეხვედრის შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურას კვლავ უნდობლობა გამოუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურას საქმის თვითმკვლელობის ვერსიით დახურვა უნდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა, ექსპერტიზის დასკვნა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დასრულებულია.
მისი თქმით, საქმეზე დაკითხულია 600-ზე მეტი მოწმე, ჩატარებულია 40-ზე მეტი ექსპერტიზა. ყველა კითხვას, რაც ოჯახს ჰქონდა, საქართველოს პროკურატურამ პასუხი გასცა.
„ბაჩალიაშვილთან მიმართებაში რომელიმე სუბიექტის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დგინდება. ოჯახის წევრებს რიგ გარემოებებთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. საქმეზე ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ბაჩალიაშვილების ადვოკატი ბატონი მიხეილ რამიშვილი გარკვეულ გარემოებებს არასწორად აცნობდა ოჯახის წევრებს და ექსპერტიზის გარკვეულ დასკვნებსაც არასწორად აფასებდა. დღევანდელ შეხვედრაზეც კი, წარდგენილი იქნა ეს ექსპერტიზა. რაზეც ბატონი მიხეილი ოჯახის წვერებს უთითებდა აღმოჩნდა, რომ არასწორად იყო აღქმული. საუბარია, ექსპერტიზის დასკვნაზე, რაზეც ბატონი მიხეილი ოჯახთან აპელირებდა, რომ გარკვეულწილად ისეთი გარემოებები ეწერა, რაც რეალურად დასკვნაში ასახული არ იყო. “,- აღნიშნა პროკურორმა.
ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის მაინც ბოლომდე მიიყვანს საქმეს და დაამტკიცებს რომ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს.
„დასრულდა არჩევნები? დასრულდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ობიექტური გამოძიება, მაგრამ იცოდნენ, რომ ბევრ რაღაცას მივაგნებ. თამარ ბაჩალიაშვილს იმდენი ტვინი და ნიჭი ჰქონდა, ბევრი მინიშნება აქვს დატოვებული და საქმეს ბოლომდე მივიყვან", - აღნიშნა რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება. 23 წლის ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს თეთრიწყაროს რაიონში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.