საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო.
პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება.
„ეს იყო ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, პირველი საერთაშორისო ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ეს ვიზიტი შედგა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში. იყო ძალიან წარმატებული. გქვონდა შეხვედრა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან.
ამ შეხვედრებმა აჩვენა რამდენიმე რამ – ერთი, ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება და ეს დადასტურდება ზაფხულში მადრიდის სამიტზე. გარდა ამისა, მივიღეთ შემოთავაზება, მადრიდის სამიტზე განსახილველი NATO-ს სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაშიც მივიღოთ მონაწილეობა, შევთავაზოთ ჩვენი წინადადებები, რათა ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი იდეები შევთავაზოთ სტრატეგიული დოკუმენტისთვის. გარდა ამისა, საუბარი გვქონდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, ამ კუთხით გვაქვს სრული კოორდინაცია და სრული ურთიერთგაგება ჩვენს ნატოელ კოლეგებთან. ამ დროს, როდესაც ასეთი უსაფრთხოების გამოწვევებია, სწორედ ამ კოორდონაციისა და კომუნიკაციის საფუძველზე მოქმედებს როგორც საქართველოს მთავრობა, ისე პარლამენტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.