პაციენტებმა, რომლებსაც Сovid19-ის სიმპტომები უვითარდებათ, იზოლაცია სიმპტომების დასრულებიდან სამი დღის ვადაში უნდა დაასრულონ.
ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, შესაძლოა, გემო და ყნოსვა ზოგიერთ პაციენტს კვირების განმავლობაში ჰქონდეს დაკარგული, ამიტომ იზოლაციის დასასრულებლად ამ სიმპტომის დასრულებას არ ელოდებიან.
„მთავარ ნიშნულად ითვლება ცხელება. ვისაც Сovid-19 დაუდასტურდება, იზოლაციის ათვლა უნდა დაიწყონ სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღე და სიმპტომების დასრულებიდან 3 დღე. ორივე უნდა იყოს ამ ვადაში. ამის გამო პაციენტები ხშირად ტესტირების დაჩქარებას ითხოვენ. ვთხოვ ნუ იჩქარებენ, რადგან ტესტირების საუკეთესო პერიოდი ზუსტი პასუხის მისაღებად არის მე-3, მე-4, მე-5 დღე. რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, დადებითი პასუხის მიღებიდან 10 დღე უნდა დარჩნენ იზოლაციაში“, -განაცხადა ინფექციონისტმა გადაცემაში "ჯანმრთელობის ფორმულა გისმენთ".