ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს თებერვალში ეწვევა, განაცხადა თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვიზიტს ისრაელთან გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორების შანსი უწოდა.
”ამ ვიზიტმა შეიძლება, გახსნას ახალი თავი თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობებში,” - განაცხადა ერდოღანმა თურქულ NTV არხთან ინტერვიუში და დაამატა, რომ მზად არის, გადადგას ნაბიჯები ისრაელთან ურთიერთობების მიმართულებით, ყველა სფეროში, მათ შორის ბუნებრივი აირის ჩათვლით.
თურქეთის პრეზიდენტი მზადაა, იმუშაოს ისრაელთან ძველი პროექტების განვითარებაზე, მათ შორის ბუნებრივი აირის საკითხიც იგულისხმება.
მისი განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მ შეწყვიტა მხარდაჭერა კონკურენტი მილსადენის პროექტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ისრაელი და თურქეთის ისტორიული მეტოქე საბერძნეთი.
ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2010 წელს დაიძაბა, ღაზას სექტორის ბლოკადისას თურქეთი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას შეეცადა. საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო რაზმის მიერ ცეცხლის გახსნას თურქეთის ათი მოქალაქე ემსხვერპლა.
თურქეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პროექტს, რომელსაც მხარს უჭერდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.