საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოში არსებულ პრორუსულ ჯგუფებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ადამიანები სერიოზულ გავლენას ვერ ახდენენ პოლიტიკის ფორმირებაზე.
მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან ამ ჯგუფებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და ამას საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნების შედეგებიც ადასტურებს.
„არ ვფიქრობ, რომ ეს ძალა, ძალაც კი არ არის, რაღაც ჯგუფი ადამიანების, სერიოზულ გავლენას ახდენდეს საქართველოში და საერთოდ ჩვენი პოლიტიკის ფორმირებაზე“.
„რაღაც პოლიტიკური პარტიებიც კი არის, რომლებიც არ მალავენ საკუთარ კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. მათი მხარდაჭერა ძალიან ცოტა არის, ერთი პროცენტია. ჩვენ ამ დეზინფორმაციულ კამპანიას ვუპირისპირებთ კონკრეტულ შედეგებს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სავიზო ლიბერალიზაცია, ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელსაც სიკეთეები, კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ჩვენი საზოგადოება და მოქალაქეები რწმუნდებიან, რომ ეს არის სწორი გზა და არა ის, რასაც რუსეთი ჰიბრიდული სხვადასხვა მექანიზმით, პატარ-პატარა ჯგუფებით, დეზინფორმაციის კამპანიით ცდილობენ შექმნან. მათი მხარდაჭერა უნდა ტრანსფორმირდეს არჩევნებში და ყველა არჩევნებზე ისინი იღებენ სადღაც 1%-ს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.