საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხედავს მსვლელობას, თუმცა არ იცის, როგორ დასრულდება ეს პროცესი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შედეგია ის, რომ მის მიერ წამოწყებული შეხვედრებით პარტიების წარმომადგენლებთან, საზოგადოებას მაგალითი აჩვენა, რომ თურმე ყველასთან შეიძლება საუბარი.
პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავისი ძალა, ხმა გამოაჩინოს, პრინციპები, რეკომენდაციები, მოთხოვნები უნდა დააყენოს და შემდეგ უკვე ეს გადადის პოლიტიკურ პროცესში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია, გააძლიეროს საზოგადოებრივი პლატფორმა და ეს პროცესი ვიღაცების „შერიგება-გარიგებით, ჯადოსნურად“ არ გადაწყდება.
„ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა ეროვნული თანხმობის პროცესზე. მიღებებზე მქონდა საშუალება, აქცენტები, სხვადასხვა კუთხით, ამ პროცესის შესახებ გამეკეთებინა. მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის ჩემი გადაწყვეტილება იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ყველასთვის აშკარა გახდა. საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა და ორი თემა არის რეალურად საზოგადოებაში: 1. რა გვეშველება და 2. როგორ და რამ უნდა გვიშველოს. მგონი, ჩვენ თუ რაღაც არ ვიღონეთ და ვიარეთ ერთ ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ წავა წინ. ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის განმავლობაში, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა.
კიდევ სამი წელი რჩება. მიმაჩნია, რომ ამ საზოგადოების განცდას წარმოვადგენ. ეს დაპირისპირება, რაც ჩვენს ქვეყანაში გროვდება, რაღაცნაირად საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს. ეს არ იქნება „ჯადოსნური ერთიანობა“, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება; ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება; ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა. ეს არის ჩემი დაწყებული და ინიცირებული პროცესი, რომელიც იქნება საზოგადოებრივი პროცესი და რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს მედიასთან მთავრობის ურთიერთობაზე და მის როგორც ეროვნული თანხმობის ერთ-ერთ ასპექტად ქცევაზე დაუსვა შეკითხვა, ასევე იმაზე, თუ რას გააკეთებს პრეზიდენტი იმისთვის, რომ საზოგადოების ხმა იყოს განხორცილებადი.
„მე ვარ ხელისუფლების ნაწილი, მაგრამ არ ვარ მთავრობა. ასე რომ, თქვენ უნდა მიმართოთ... ჩემი მიზანი არ არის, რომ მე შევარიგო პოლიტიკური პარტიები, მათ ეს თავად უნდა იკისრონ და მე ვიქნები მხოლოდ ერთგვარი შუამავალი რგოლი, როცა საზოგადოება თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს, რომ მე წარვუდგინო პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, მთავრობას და ვიქნები საზოგადოების ერთგვარი ზურგი ამ შემთხვევაში. მაგრამ მე არ დავიწყებ... მათ უნდა იცოდნენ, რა არის საზოგადოების წინაშე მათი პასუხისმგებლობა და თუ საზოგადოება არ ეტყვის გარკვეულად და ხმას არ ამოიღებს, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებს ხვდება.