საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია.
„დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო სხვაა. მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
„ვიცი, რომ უკრაინის საკითხზე საზოგადოება არის შეჯერებული. მე ვერ გავაკეთებ დასკვნებს, უკრაინასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის ძალიან ცნობილი. მინდა გავახსენო ბატონ ლავროვს, რომ როდესაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება თავისი სუვერენიტეტიდან გამომდინარე აირჩიოს თავისი მოკავშირე და ალიანსები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.