საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ეროვნული თანხმობის პროცესში ჩართვა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზად, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა მას განუცხადა, რომ პოლიტიკაში აღარ არის.
„არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა ბოლო 1.5 წელია. მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე და მიპასუხა - „მე პოლიტიკაში აღარ ვარ“. არც მითქვამს წინასწარ, რომ ამაზე მექნებოდა საუბარი, მაგრამ საუბარი არ შედგა. მე მიმაჩნია, რომ ამ პროცესში სრულიად დამოკიდებული ვარ, მაგრამ დამოკიდებული ვარ საზოგადოებაზე. საზოგადოება გადაწყვეტს ეს პროცესი წინ წავა თუ რამდენად წინ წავა. თუნდაც, ის რომ რაღაც დაპირისპირების, დუღილის კოეფიციენტი ცოტა ჩაცხრება და მგონი, ცოტათი მაინც ჩაცხრა, ამის იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები, პირველ რიგში, ამას მოიტანს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას, ბოლო წელიწადნახევარია „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია.
კითხვაზე, აქვს თუ არა მას რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის პოლიტიკაში, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის რწმენაზე ვერაფერს იტყვის.
„ჩემი გამოცდილება არის ის, რომ არ მქონია არანაირი ურთიერთობა. იმ დღიდან, როცა ვიყავი არჩეული, რაც მითხრა, რომ მისგან არანაირი მოთხოვნა, მითითება, ინსტრუქცია არ იქნებოდა, ეს შესრულებულია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.