საქართველოს პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის შეწყალების საკითხზე განაცხადა, რომ სიტყვას ასრულებს. სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გადახედავს თუ არა შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებას „არა და არასდროს“. პრეზიდენტი 28 იანვარს სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
„სიტყვას საერთოდ ვასრულებ და მგონი არავინ არის, ვისაც შეუძლია, თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია, ესეც არის ნდობის მომენტი. მგონია, რომ სწორედ იმ სამ მაგალითზე {უგულავა, ოქრუაშვილი, რურუას შეწყალება} დაყრდნობით უკვე დაინახა საზოგადოებამ, რომ როცა ვთვლიდი ოდნავ დეპოლარიზაციის მიმართულებით შეიძლებოდა, ნაბიჯი გადამედგა, რაც არ უნდა მტკივნეული თუ სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი.
ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის, ამაში ვინმე თუ გადამარწმუნებს... მაგრამ არ მგონია. თვით სააკაშვილის დაბრუნება იყო პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი, მე არაფერს გავაკეთებ, რაც დამატებით პოლარიზაციისკენ წაიყვანს ამ ქვეყანას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჩიხიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას, პრზიდენტმა საზოგადოების ძალაზე გაამახვილა ყურადღება
„თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, უნდა გვჯეროდეს საზოგადოების ხმის, თუ არ გვჯერა საზოგადოების ხმის და გვგონია, რომ ყველაფერი შერიგება- გარიგებით იწყება და მთავრდება, მაშინ ვიცხოვროთ იმ ქვეყანაში რომელიც იქნება მუდვივად პოსტსაბჭოთა ქვეყანა“, - განაცხადა საქართთველო პრეზიდენტმა.