საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა.
„საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ორხევის სატრანსპორტო ბაზაზე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ტექნიკა ადგილზე პირადად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა.