"ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ იმყოფება აღნიშნულ ცერემონიაზე. ელჩმა აღნიშნა, რომ იგი 2020 წელს იმყოფებოდა ადგილზე, სადაც ნავსადგურის პროექტის მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ძალიან მოხარულია, რომ დღეს ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე იმყოფება და საბოლოო შედეგს ხედავს. დეგნანმა დასძინა, რომ აღნიშნული ნამდვილად ეტაპობრივი მოვლენაა არა მარტო „პეის ჯგუფისათვის“, მთელი ქვეყნისთვის.
„ძალიან მიხარია, რომ აშშ, საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან (DFC) ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან", - განაცხადა დეგნანმა.