ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კამპანიის ფარგლებში, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში - შრომასა და ნატანებში, იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ, აცრა ადგილზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. ვაქცინაცია შესაძლებელია Sinovac-ის, Sinopharm-ისა და Pfizer-ის ვაქცინით. მოსახლეობას მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები უწევენ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც ვაქცინის პირველი დოზით აიცრება, ერთჯერადად 200 ლარიან, „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.
საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.