ამერიკის ელჩ კელი დეგნანს დადიანების სასახლეში მუზეუმის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. საელჩოს ცნობით, ელჩმა ბოტანიკური ბაღი, დედოფლის სასახლე და ნიკო დადიანის სასახლე დაათვალიერა.
ასევე გაეცნო მუზეუმის კოლექციას, მათ შორის არის ღვთისმშობელ მარიამის კვართი, დედოფალ ბურდუხანის მეთორმეტე საუკუნის ხატი, იმამ შამილის ხმალი და ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილის შემდგომი ოთხი ნიღბიდან ერთი.
„ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლე სამეგრელოს ისტორიულ ავტონომიაზე, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ევროპასთან საბჭოთამდელ ძლიერ ურთიერთობაზე მეტყველებს. გასული ოცდაათი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს საქართველოს არაჩვეულებრივი და მართლაც უნიკალური კულტურისა და ისტორიის შენარჩუნებასა და წარმოჩენაზე. საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ოცზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ. მათ შორისაა ჯვრის მონასტრის შენარჩუნების მიმდინარე პროექტი. ასევე, რეგულარულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მუზეუმებსა და კულტურის სხვა ინსტიტუტებს“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.