ამირან გამყრელიძე: დღეს გვაქვს 146 000 აქტიური შემთხვევა, ეს ძალიან მაღალი ციფრია

კოვიდინფიცირებულები ონლაინკლინიკების საშუალებით იმართებიან. ძირითადად, დღეს არის ორი მიმართულებით – ლაბორატორიებზე, სადაც ყოველდღიურად 60-70 000-ზე მეტი ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს და ამბულატორიულ სექტორზე – ონლაინ კლინიკებზე, ოჯახის ექიმებზე, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ზარები და მართავენ პაციენტებს ბინაზე ან სასტუმროებში. ეპიდსიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ მართვადია“. ასე შეაჯამა ეპიდვითარება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ის დირექტორის თქმით, ეპიდვითარებას დღეს განაპირობებს ძირითადად „ომიკრონის“ ცირკულაცია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.

„ყველა ქვეყანაშია მზარდი ტალღა და შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად არის მომატებული. განსხვავება გახლავთ ის, რომ სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალი, 80%-ზე მეტია, იქ დაბალია ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა. ჩვენთან აცრის მაჩვენებელი გვაქვს 42.4 პროცენტი, სიკვდილიანობა შემცირებულია ამ მაღალ რიცხვებთან მიმართებით, მაგრამ ის მაინც ზღვრულ მაჩვენებელზე მეტია. დღეს დილისთვის გვაქვს 146 000 აქტიური შემთხვევა, ეს ძალიან მაღალი ციფრია, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორში კიდევ 3 500 ადგილია თავისუფალი, ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონით“ არ გახლავთ მაღალი, როგორც ეს იყო „დელტას“ დროს. ​ნახტომისებურდ არ იმატებს მძიმე პაციენტების რაოდენობა ჰოსპიტლებსა და რეანიმაციულ განყოფილებებში.

„ომიკრონი“ მიმდინარეობს „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ. როცა რაოდენობა ძალიან დიდია, მათ შორის შესაბამისი პროცენტი ინფიცირებულების მძიმდება და შეიძლება, გახდეს სარეანიმაციოც, შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც. ერთადერთი გზა პრევენციისა არის რეკომენდაციების დაცვა და იმუნიზაცია. „ბუსტერ“ დოზა განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულებისთვის არის ყველაზე მთავარი პრევენციული საშუალება „ომიკრონით“ ინფიცირების ან თუ დაინფიცირდა ადამიანი, შემდგომ გართულებების პრევენციის. „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს ქვეყანაში 156 000 ადამიანს, რაც ცოტაა. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს „ბუსტერს“, მით უფრო ნაკლები გვექნება ჰოსპიტალიზაცია ქვეყანაში და ნაკლები გვექნება ფატალური გამოსავალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.