რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით NATO-სა და ეუთოში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის, რადგან განმარტებას ითხოვს, როგორ შეესაბამება ალიანსის ქმედებები უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში სხვა სახელმწიფოების უფლებებს.
ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთს სურს, უკრაინის NATO-ში შეყვანა, რაც რეალურად გაანადგურებს რუსეთთან ურთიერთობებს, მოსკოვი კი ამ ქმედებებს აფასებს როგორც ოფიციალური პოლიტიკური ვალდებულებების უხეშ დარღვევას, რომლებიც საკუთარ თავზე აიღეს ამერიკისა და ალიანსის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი თითქმის, სამი თვე ბომბავდნენ იუგოსლავიას, შეიჭრნენ ლიბიაში, რითაც დაარღვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, ასევე, როგორ იქცეოდნენ ავღანეთში. როდესაც „ცივი ომი“ მიმდინარეობდა და და არსებობდა ბერლინის კედელი, გასაგები იყო, რომელი ტერიტორია უნდა ყოფილიყო დაცული. კედელი აღარ არის, ეუთოს ფარგლებში ჩვენ გამოვაცხადეთ სამუდამო მეგობრობა, უსაფრთხოების განუყოფლობა, სოლიდარობა, შევთანხმდით, რომ არავინ უნდა გაამყაროს თავისი უსაფრთხოება სხვათა ხარჯზე - ისინი კი განაგრძობენ ქვეყნების მიღებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.