სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს.
 
 
კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა NATO ჯარების გაგზავნას, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სტოლტენბერგმა უპასუხა: „ჩვენ არ ვგეგმავთ NATO-ს საბრძოლო ჯარების განთავსებას უკრაინაში... ჩვენ ფოკუსირებული ვართ მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე. „არსებობს განსხვავება NATO-ს წევრობასა და უკრაინის როგორც ძლიერ და უაღრესად ფასეულ პარტნიორს შორის. ამაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
 
 
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.

26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.