თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველას მიერ აღიარებულია, რომ საქართველოში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. მისივე შეფასებით, პანდემიის მართვისას ცალკეულ შემთხვევაში შეცდომები იყო.
„ყველა ოპონენტი, ვინც შემედავა, შემდეგ უკან დაიხია ან საერთოდ თავი აარიდა დებატებს. მედიკამენტების და მიდგომების გამოყენება ყველა ეტაპზე ოპტიმალურად ხდებოდა. არცერთ შემთხვევაში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა“.
„შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად, პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური, კლინიკური მართვა. ცუდი მკურნალობა რომ ყოფილიყო, მაშინ არა მხოლოდ გარდაცვალების მაღალი რიცხვი იქნებოდა, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ჩვენთან არცერთხელ არ ყოფილა ეს 1,5-ზე მეტი“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ძალიან მალე დაიდება კვლევის შედეგები, რომელ კლინიკას რამდენი სიკვდილი ჰქონდა ჰოსპიტალური ინფექციით.
„ახალმა მინისტრმა დაიწყო შესწავლა, შედეგები და დასკვნა დაიდება, ვის რამდენი ჰქონდა ჰოსპიტალური ინფექციის სიკვდილიანობა. საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, საქართველოში 6-7% იყო, მსოფლიოში 10-11%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ არ გვქონია თუნდაც შიდა ჰოსპიტალური ინფექცია სხვებზე უარესი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მან სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ კლინიკებს დროულად არ მიმართავენ.
„ამ მოცემულობაში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სიკვდილობის მთავარი მიზეზია მოსახლეობის დაგვიანებული მომართვიანობა. ძალიან ხშირად პაციენტები სახლში რჩებიან იმის იმედით, რომ განიკურნებიან“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა და მოსახლეობას თხოვნით მიმართა, დროულად მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებას ან ოჯახის ექიმს.
„უდიდესი თხოვნაა, ნუ ელოდებით დამძიმებას. ყველა პაციენტმა, ვისაც გაქვთ მდგომარეობის დამძიმების რისკი, ასეთია 60 წელს ზევით ასაკი, თანხლები სერიოზული დაავადებები ან უკვე დაგიმძიმდათ პირველივე დღეებში დაავადება. დამძიმება უნდა შეაფასოთ შემდეგნაირად: თუ ტემპერატურა გრძელდება 3 დღეზე მეტი და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, ძირითადი ნიშანი არის სუნთქვის გაძნელება და სატურაციის დაქვეითება. თუ თქვენ გაქვთ დამძიმებული მდგომარეობა ან ამის რისკი არსებობს, მოგვმართეთ პირველი 8-10 დღის მანძილზე. ნუ მოიმიზეზებთ „ომიკრონს“, დღეს 3 ათასი საწოლი თავისუფალია და თუ საჭირო გახდა, კიდევ ვიპოვით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.