ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში "რემდესივირი" უკვე ჩამოიტანეს.
ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პრეპარატი უკვე საქართველოშია.
„გუშინ შემოვიტანეთ ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება - დღეს საქართველოშია უკვე პრეპარატი რემდესივირი, რომელიც ბატონი თენგიზ ცერცვაძის ხელძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად გადანაწილდება პაციენტებზე. საუბარია პაციენტებზე, რომელთა შემთხვევაშიც პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობის პრეპარატი ჩამოვიდა საქართველოში. მისი თქმით, 21 დეკემბრიდან, პრეპარატი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება და შესაბამისი ცვლილიბები შევა პროტოკოლში.