თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე მიმდინარე წლის ბოლომდე გადავა. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ახალ ლოკაციაზე სარემონტო სამუშაო დაიწყება.
„მიღებულ იქნა ინფექციური საავადმყოფოს ახალ ლოკაციაზე გადაყვანის და იმ ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება დაჩქარებულად იყო მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა როგორც იმ მოიჯარისთვის, სადაც დღეს არის ინფექციური საავადმყოფო, ასევე, ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის, რომ ჩვენ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ახალ ლოკაციაზე გადავიყვანთ მათ და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების კლინიკა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდგომ ბრიფინგზე.