რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Facebook გვერდზე განთავსებულ ვიდეოში განაცხადა.
„კიევიდან თბილისში ჩამოვფრინდი. აქტივისტებთან შესახვედრად, მაქვს მოსაწვევი. საზღვარზე მითხრეს, რომ უკან კიევში მიკეთებენ დეპორტაციას. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, არ შემიშვან ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები მაქვს დაგეგმილი, გადახდილია სასტუმროს საფასური, პარასკევის ფრენის ფასი, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ლუბოვ სობოლიც გააბრუნეს აქედან. საკვირველი ამბები ხდება საქართველოში მეგობრებო", - ამბობს გუდკოვი ვიდეომიმართვაში.
რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი, რომელიც იჯარის თანხის გადაუხდელობის საქმეზეა ეჭვმიტანილი, უკრაინაში გასული წლის ივნისიდან ცხოვრობს. თავად კი საქმეს პოლიტიკურს უწოდებს.
შსს-ს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.