ამერიკული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა განიხილება

უკრაინაში ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი არჩევანია, ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, მაგრამ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ამერიკულ მედიას ანონიმურობის პირობით განუცხადეს, რომ ბაიდენი აპირებს ბრინკის წარდგენას.

თავის მხრივ, CNN წერს ასევე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული მხარე უკრაინის დასტურს ელის. თავის მხრივ, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესის შეფერხება არ მომხდარა უკრაინის მხრიდან და შეერთებულმა შტატებმა ახალი ელჩის კანდიდატი კიევს დაახლოებით ერთი კვირის წინ შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს ასევე განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ჯერ კიდევ განიხილავს. 

ამასთან, CBS-ი იტყობინება, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის შესახებ უკვე თვეებია ცნობილია და გაურკვეველია, რამ გამოიწვია პროცესის შეფერხება. ტელეკომპანიას ორმა უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ კიევი ბრინკის კანდიდატურას უკვე დათანხმდა.

სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩის ვინაობა „ძალიან მალე“ გახდება ცნობილი. „შემიძლია გითხრათ, როდესაც ელჩი იქნება წარდგენილი, ამ ადამიანს ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული ნდობა. ეს იქნება ადამიანი, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი და ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მას ექნება ძალიან სამაგალითო გამოცდილება და ცოდნა ამ რეგიონში“.

2018 წელს მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. „არ ვიცი, რა ახსნა აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას, მაგრამ ცხადია, ეს არ არის კარგი, რადგან აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება თავის მთავარ პარტნიორს კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე. არის ასევე საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ თანამდებობაზე სურს არა კარიერული დიპლომატი, არამედ პოლიტიკოსი“, - აცხადებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური 2018 წლის ოქტომბერში. სწორედ მისგან გახმაურდა მედიაში ეს ცნობა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ უარყოფ ინფორმაცია, რომ საქართველოში ელჩად შერჩეული ბრიჯეტ ბრინკის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკეს.

ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში, ამ თანამდებობაზე ის 2019 წლიდან მუშაობს. ადრე მსახურობდა სერბეთში, უზბეკეთსა და საქართველოშიც. ბრიჯიტ ბრინკი რიჩარდ ნორლანდის ელჩობის პერიოდში მისი მოადგილე იყო და ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის, უცხოური მთავრობისგან თანხმობის მიღება ელჩების შერჩევის სტანდარტული პროცესის ნაწილია და ჩვეულებრივ შეიძლება, გაგრძელდეს დღეებიდან კვირებამდე.