საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განააცხადა, რომ ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის მცდელობის წინააღმდეგ.
ელჩის თქმით, მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და საქართველომ, რომელიც ემზადება ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის, უნდა გააგრძელოს დემოკრატიული მიღწევების განმტკიცება. კელი დეგნანის თქმით, ეს არის ის, რაშიც აშშ საქართველოს ეხმარება.
„საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის კრიტიკული დროა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, ასევე NATO-ს მოკავშირეების თანამშრომლობასა და კოორდინაციას აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების პრინციპების შესანარჩუნებლად, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში სტაბილურობის ქვაკუთხედია.
ეს არის კრიზისი, რომელსაც ნამდვილად რუსეთი ქმნის და რომელიც მნიშვნელოვან მიღწევებს აყენებს რისკის ქვეშ. ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის მცდელობის წინააღმდეგ. ეს არის საფრთხეები, რომლის წინაშეც საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას და მათი შემცირება ასევე მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების ერთიანობას და სიმტკიცეს.
საქართველოს მიმართ რუსეთის საფრთხე გრძელდება. ის აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან მიმართებით. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა და ამას ადასტურებს გამოკითხვებიც. ეს არის მიმართულება, რომლისკენაც წინსვლა სურს ამ ქვეყანას. შეერთებული შტატები მზადაა, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ გზაზე“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.