ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად აფასებს. ამის შესახებ ელჩმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.
„რამდენიმე დღის, წინ ფოთში ტერმინალის გახსნაზე ვიყავი. ეს მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის. ფოთის მონახულების შემდეგ წავედი ანაკლიაში, რომ დამეთვალიერებინა იქაურობა და უბრალოდ გული დამწყდა, რადგან ამ პორტში გემები უნდა შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ეს ბიზნესისთვის უნდა იყოს გახსნილი... მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეალურად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ვხედავთ, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ანაკლიის სახით რაღაც მნიშვნელოვანი "დაედო მაგიდაზე“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
მისივე თქმით, ახლა საქართველოს აქვს გეგმები ქაღალდზე და თუ ინვესტორები აპირებენ შემოსვლას, მათ უნდა დაინახონ, რომ მთავრობა ასი პროცენტით დგას ამ პროექტის უკან.
ცნობისთვის, ზაფხულში, Europetime-მა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ექსკლუზიურად ჩაწერა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. მისი თქმით, ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა.