ამირან გამყრელიძე „მწვანე პასპორტზე“: სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, რეკომენდებულია მთელი რიგი ბიზნესებისთვის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, „მწვანე პასპორტი“ დღეს დიდ როლს აღარ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, მაგრამ დისციპლინის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ჟურნალისტების შეკითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს პირადად ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმებას, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე პოზიცია საკოორდინაციო საბჭოზე დააფიქსირა.

„მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში საუბარი იყო თერმოსკრინიგის გაუქმებაზეც, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დღეს, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ „მწვანე პასპორტი“ დღეს დიდ როლს უკვე არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი პოზიცია ჰქონდა, რომელიც საბჭოზე დააფიქსირა. არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე ამასთან დაკავშირებით დისკუსია იყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავისი პოზიცია დაფიქსირა. საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის პრინციპით იღებს. ჭორაობას ვერ დავიწყებ, ჩემ თავს სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „მწვანე პასპორტი“ იქნება თუ არა დაშვებული, ყველას უნდა მოვუწოდოთ, წავიდნენ და აიცრან.

„ჩემი რეკომენდაციაა, როგორც ერთი ექიმის: კი ბატონო, სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, რეკომენდებულია მთელი რიგი ბიზნესებისთვის. მათი გადასაწყვეტია. თუმცა მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს - დაავადებათა კონტროლის ცენტრში მობრძანდით, თქვენ ვერ შემოხვალთ ცენტრში, თუ არ აჩვენებთ თქვენი აცრისა და ტესტირების სტატუსს. „მწვანე პასპორტი იქ მუშაობს ისევე, როგორც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

რაც შეეხება საქართველოში შემოსვლის საკითხს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში, „მწვანე პასპორტი“ კვლავ იმუშავებს.

 მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.