NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას NATO-GEO EX 2022 საქართველო მარტში მესამედ უმასპინძლებს. სწავლებას დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით ქართული მხარე უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას NATO-ს წევრი და პატნიორი ქვეყნები მიიღებენ. სამი დღის განმავლობაში „NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) სწავლების დაგეგმვის საბოლოო კონფერენციაზე NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა საბოლოო დეტალები შეაჯამეს.
კონფერენციაზე სპეციალურად NATO-ს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაბორ ენდროდი იმყოფებოდნენ.
NATO-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა NATO-საქართველოს სწავლების დეტალები განიხილეს. საუბარი ასევე NATO-სთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო. „NATO-საქართველოს სწავლება 2022“ NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდება.
სწავლებაში მონაწილეობას 20-ზე მეტი NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით NATO-ს ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ. სწავლება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ხორციელდება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ცნობით, მზადება 2022 წლის წვრთნებისათვის უკვე დაიწყო. JFTC-ის გუნდმა, სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კრწანისში, საბოლოო საკოორდინაციო კონფერენციაში.
„აშკარაა, რომ მონაწილეებმა NATO-დან, საქართველოდან, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ბევრი შრომა ჩადეს და საჭიროა, რომ მათი ძალისხმევა დაფასდეს. მათი გუნდური მუშაობა შთამბეჭდავია და დარწმუნებული ვარ, წვრთნები წარმატებით ჩატარდება“, - განაცხადა, JFTC-ის მეთაურის მოადგილემ და შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯოზეფ შპიშაკმა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ორ მოადგილეს, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძეს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესა და კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა.