პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს განცხადება უკვე გავრცელდა პროკურატურის ვებგვერდზე.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე. ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ნანემსრების კვალი არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე. შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით უარყოფილია ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ.

თვითმკვლელობისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა ასევე გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი. 22 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩენილია ხელნაწერი ფურცელი ტექსტით - „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ“, რომელიც, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია თავად თამარ ბაჩალიშვილის მიერ.

დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით არის მოწყვლადი ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელი, რომელსაც სუბიექტური აღქმით ყველა მიმართულებით წარუმატებლობის ფონზე აღარ სურს, ან ძალიან ურთულდება კრიზისულ სიტუაციაში კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება, არის სუიციდის განხორციელების მაღალი რისკი და ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, დასაშვებია მის მიერ სუიციდის ჩადენის ფაქტი.

არ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების ვერსია სოციალურ ქსელებში არსებული მიმოწერისა და სხვა აქტივობის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის შეცვლის ან წაშლის თაობაზე. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული მასალები შედარდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის ფარგლებში დათვალიერებულ სოციალურ ქსელში მისივე აქტივობას, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ისინი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და იდენტურია ერთმანეთის იმ განსხვავებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან კომპიუტერული ექსპერტიზის მიერ სრულად აღდგენილია სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებების შინაარსობრივი ანუ ტექსტობრივი ინფორმაცია, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ მასალაში მითითებულია იგივე აქტივობის მხოლოდ დრო, კომუნიკაციის მეორე მხარის ვინაობა და სხვა ტექნიკური მონაცემები.

თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება ვებ პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებული ვებ - პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ - პროგრამირება. რაც შეეხება ე.წ. ფლეშკას, მასზე აღმოჩნდა აუდიო მუსიკალური ფაილები. გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ.

მათი თხოვნით ჩატარადა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იყო შემოთავაზებული, შესწავლილია მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, წამოგიდგენთ გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შექმნილ ვიდეომასალას, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია მის მიერ თვითმკვლელობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.