სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ქვეყანა განაგრძობს NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიღებას.
Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ „პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით, NATO-ს სარდლობის სტრუქტურასთან ერთად მუშაობას მოიცავს.
„ამ თანამშრომლობის შედეგად, რომელიც არსებითი პაკეტის საშუალებით, წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოს თავდაცვის ძალები ახლა უფრო ქმედუნარიანი და NATO-სთან თავსებადი გახდა, ვიდრე ეს ოდესმე იყო.
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ძალების წვრთნებსა და მომზადებას, რაც თავის მხრივ, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, წვლილის შეტანას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.
NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრი (JFTC) LANDCOM-თან ერთად მხარს უჭერს JTEC-ს NATO-საქართველოს წვრთნების მომზადებასა და ჩატარებაში“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან.
შეგახსენებთ, NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება.
ასევე წაიკითხეთ: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები.