სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლება NATO-GEO EX 2022-ზე Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში საუბრობს.
ხავიერ კოლომინას შეფასებით, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები 2022, ქმნის შესაძლებლობას NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალებს გაუზიარონ გამოცდილება, უნარები, ცოდნა და განავითარონ როგორც მათი მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები ასევე, NATO-ს წევრების ძალებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ეფექტურად მოქმედების უნარები.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, სწავლება ასევე იქნება ერთგვარი პლატფორმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების შესამოწმებლად და კონსოლიდაციისთვის, რომ შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები, ყოვლისმომცველი მიდგომის მეშვეობით, რაც თავის მხრივ ეფუძნება მრავალ სამოქალაქო და სამხედრო აქტორთან, მათ შორის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
„ეს წვრთნები არის დამკვიდრებული პრაქტიკა, მრავალეროვნული, კრიზისზე რეაგირების სწავლება, რომელიც ტარდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. NATO-საქართველოს წვრთნები 2022 ტარდება გამჭვირვალედ, NATO-ს სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით, NATO-ს პროცედურების შესაბამისად და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან.
ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ქვეყანა განაგრძობს NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიღებას.
„პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით, NATO-ს სარდლობის სტრუქტურასთან ერთად მუშაობას მოიცავს. ამ თანამშრომლობის შედეგად, რომელიც არსებითი პაკეტის საშუალებით, წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოს თავდაცვის ძალები ახლა უფრო ქმედუნარიანი და NATO-სთან თავსებადი გახდა, ვიდრე ეს ოდესმე იყო.
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ძალების წვრთნებსა და მომზადებას, რაც თავის მხრივ, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, წვლილის შეტანას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.
NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრი (JFTC) LANDCOM-თან ერთად მხარს უჭერს JTEC-ს NATO-საქართველოს წვრთნების მომზადებასა და ჩატარებაში“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან.
შეგახსენებთ, NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება.