ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი მიიჩნევს, რომ საკმარისი საფუძველი არსებობდა პარტიებს შორის იმისთვის, რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციამდე მისულიყვნენ. ევროდეპუტატის შეფასებით, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია. ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებლმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.
სვენ მიქსერის აზრით, ქართველ პოლიტიკოსებში კომპრომისზე წასვლის საკმარისი მიმღებლობა არ არსებობს და ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება როგორც სიძლიერის და ზრდასრულობის ნიშანი, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან დანახულია როგორც სისუსტის ნიშანი და ეს ნამდვილად დასანანია.
„ვფიქრობ, საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ვითარება მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე სრული აღქმა არსებობს იმ ქვეყნის მხარდაჭერის აუცილებლობის, რომელსაც აქვს ანალოგიური პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რუსული აგრესია არის ის, რისი მიღებაც ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვფიქრობ, რომ ქართველები ამას ოდესმე მიიღებენ და ვფიქრობ ძლიერი, ერთიანი და ცხადი მესიჯის დაფიქსირება არის აუცილებელი“, - აღნიშნავს მიქსერი.
მისივე თქმით, დისკუსიებიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან ჰქონდა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციები არ არის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა რეზოლუციის ირგვლივ მიმდინარე დებატები ასახავს ქართულ პოლიტიკაში არსებულ ვითარებას და იმას, რომ კომპრომისზე წასვლის საკმარისი მიმღებლობა არ არსებობს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან.
სვენ მიქსერის განცხადებით, ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება როგორც სიძლიერის და ზრდასრულობის ნიშანი, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან დანახულია, როგორც სისუსტის ნიშანი და ეს ნამდვილად დასანანია.
„ვფიქრობ, ყველა აღიარებს უკრაინის მხარდაჭერის საჭიროებას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის მხარდაჭერის საჭიროებას და ყველას ესმის რუსეთის აგრესიისგან მომდინარე საფრთხე, რომელიც ემუქრება არამხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ მთლიანად ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას. მიმაჩნია, რომ საკმარისი ერთიანი ნიადაგი არსებობს პარტიებს შორის იმისთვის, რომ ერთიან პოზიციამდე მივიდნენ და ვფიქრობ, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, რომ ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია და ეს ხდება ორივე მიმართულებით - მმართველმა პარტიამ და ასევე ოპოზიციამ უნდა იფიქროს, რა უნდა გაკეთდეს კომპრომისისთვის“, - განაცხადა სვენ მიქსერმა ქართული მედიასაშუალებების ცნობით.