მინისტრი რეზნიკოვი: უკრაინის საზღვრებზე 115 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული

რუსეთის სამხედრო სახმელეთო კონტინგენტის რაოდენობა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, ასევე ბელორუსის საზღვრებთან, ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, დაახლოებით 115 000-ს შეადგენს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ბალტიის ფლოტის ექვსი რუსული სადესანტო ხომალდი განაგძრობს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და აპირებს სირიის პორტუს ტარტუსში შესვლას. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ეს გემები შავი ზღვისკენ გადაადგილდნენ.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.

26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".