2022 წლის იანვარში საქართველოში 13.9%-იანი ინფლაცია იყო, რაც საქსტატის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სურსათის ჯგუფში არსებული გაძვირება წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3 პროცენტი). სამომხმარებლო ჯგუფებიდან ფასები კავშირგაბმულობის და ტანსაცმლის გარდა, ყველა ჯგუფზე გაზრდილია. აქ 0.4%-ის და 0.9%-ის შემცირება ფიქსირდება.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (23.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (19.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.2 პროცენტი), თევზეული (16.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.69 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე . ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.0 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1 პროცენტი).