პრეზიდენტი: აგრესიას მომავალი არ აქვს, სამხედრო ქმედებები წარსულია. ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო

„სამხედრო ქმედებები, ძალის გამოყენება წარსულს ეკუთვნის, ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს და სხვა გზა არ გვაქვს დღევანდელი გლობალური გამოწვევების წინაშე თუ არა, მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას დღეს არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის აეროპორტში გამართფულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც თბილისში ტრანზიტული ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართა.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აღიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნის მხრიდან, რომელმაც უკვე განიცადა და დღემდე განიცდის ოკუპაცია. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს.

„დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას და ვიცი, რომ ყოველმხრივ მიმდინარეობას მცდელობები, რომ ამ დაძაბული ვითარებიდან გამოვიდეთ, რამეთუ აგრესიას მომავალი არ აქვს, შედეგი არა აქვს. ეს სამხედრო ქმედებები, ძალის გამოყენება წარსულს ეკუთვნის, ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს და სხვა გზა არ გვაქვს დღევანდელი გლობალური გამოწვევების წინაშე თუ არა, მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც ეს არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას დღეს არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი ბოლომდე იქნება დაცული და რომ მოლაპარაკებები იქნება შედეგიანი და ეფექტიანი.

ეს ჩვენი საერთო ინტერესია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპები იქნება დაცული ამ მოლაპარაკებებში, არამედ ჩვენი ყველა ინტერესი იქნება ამ კონსულტაციებში სრულიად დაცული და ამისთვის წინასწარ მინდა, რომ ჩვენს პარტნიორებს მადლობა მოვახსენო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.