პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართება. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სურს, წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს, როგორც ევროკავშირის ქვეყანას აქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. მისივე თქმით, შედგა მნიშვნელოვანი კონსულტაცია თბილისთან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით.
ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის არამხოლოდ ევროპის საქმე, არამედ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი.
„ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მოწვევისთვის, იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავი თბილისში, გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მქონდა სხვადასხვა პრეზიდენტთან შეხვედრები - ჩინეთის პრეზიდენტთან, ასევე გაეროს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. მინდა, აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. ორშაბათს დაგეგმილია შემდგომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ, ერთის მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება უკრაინის ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ და წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტილებები და გამართული კონსულტაციები, რაც განხორციელდა ამ უახლოეს დღეებში“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.
მისივე თქმით, თბილისში განხორციელდა კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია:
„საქართველოსთან მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა, მეგობრული ურთიერთობა, ვინაიდან, საქართველო ასევე არის ზუსტად ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მხარს ვუჭერთ საქართველოს.
ძალიან მიშვნელოვანია, თქვენ გაეცნოთ პოლონეთის ხედვას, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ მქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მინდა, წარმოგიდგინოთ ის ინფორმაცია რომელიც ჩვენ, როგორც ევროკავშირის ქვეყანას გვაქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. ჩემი თანამშრომლები ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად მუშაობენ.
საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ აღნიშნა.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი, ეფექტური კონსულტაციებით მეტი ძალისხმევა გამოვიწვიოთ ამ კუთხით, ვინაიდან ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სოლიდარობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
დიდი მადლობა საქართველოს, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მეგობრობა.
მომავალ კვირაში ვგეგმავ ვიზიტებს და კონსულტაციებს როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. მნიშვნელოვანი იყო კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან, და ასევე მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას მოგაწვდით“,-განაცხადა ანდჟეი დუდამ.