საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, ნიშანია იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით.
„აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშანი იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს.
ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არამხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი სოლიდარობა, სხვათა შორის, არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და რომელიც დღემდე განიცდის ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა.