NCDC-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 385 ვაქცინირებული და 10 532 აუცრელი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020-2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით, 385 ვაქცინირებული, ხოლო 10 532 აუცრელი ადამიანია გარდაცვლილი.

ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საქართველოში 10 687 ორსული დადასტურებულ შემთხვევააა გამოვლენილი.

2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ჯამში 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1 პროცენტს შეადგენს. ამასთან, 2021 წლის 14 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 23 იანვრის პერიოდში აღრიცხული 1 532 შემთხვევიდან, რომლებშიც „ომიკრონ“ შტამი ლაბორატორიულად დადასტურდა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 38 პაციენტს, სამ შემთხვევაში კი დადგა ლეტალური შედეგი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ვაქცინაცია 90,56 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს.