სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დადგენილების საფუძველზე, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს.

ამასთან, სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები.