ნენსი პელოსი: აშშ-ის კონგრესი მზად არის, ხისტი სანქციები დაუწესოს როგორც რუსეთს, ასევე ვლადიმერ პუტინს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები უნდა დაწესდეს.

ნენსი პელოსის თქმით, აშშ-ის კონგრესი მზად არის, ხისტი სანქციები დაუწესოს როგორც რუსეთს, ასევე ვლადიმერ პუტინს.

„სანქციები ბევრად უფრო ძლიერი უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში შეჭრაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს ქვეყნებზე, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, თუ რუსები უკრაინაში წარმატებას მიაღწევენ. ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. რუსეთმა ტკივილი უნდა იგრძნოს და ეს ტკივილი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ვლადიმერ პუტინმაც უნდა იგრძნოს. არავინ იცის, რას აპირებს. ამიტომაც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.