რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობების „ახალ ეპოქაში“ შესვლისა და გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეთანხმების თანახმად, მხარეები ცდილობენ, გაააქტიურონ მუშაობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განვითარების გეგმებისა და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის დაკავშირებაზე, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მხარეები აპირებენ, განავითარონ თანამშრომლობა “რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი” ფორმატის ფარგლებშიც.
მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებული ახალი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ცივი ომის ეპოქის პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსებს აღემატება.
„ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას საზღვრები არ აქვს, არ არსებობს თანამშრომლობის „აკრძალული“ სფეროები, ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება არც მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული, არც საერთაშორისო გარემოს და მესამე ქვეყნებში არსებული გარემოებების შეცვლისკენ“, - აღნიშნავენ ტექსტის ავტორები.
განცხადებაში, რომელიც ოთხი თავისგან შედგება, აღნიშნულია, რომ რუსეთი და ჩინეთი „ფერად რევოლუციებსა“ და NATO-ს გაფართოებას ეწინააღმდეგებიან. განცხადების ავტორები თვლიან, რომ „ზოგიერთი აქტორი, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე უმცირესობას წარმოადგენს, საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად ცალმხრივი მიდგომის ადვოკატირებას განაგრძობს და ძალის გამოყენების გზით ერევა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, არღვევს მათ ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს, ხელს უწყობს დაპირისპირებას“.
„მხარეები არიან ერთსულოვანი იმის გაგებაში, რომ დემოკრატია არის უნივერსალური ადამიანური ღირებულება და არა ცალკეული სახელმწიფოების პრივილეგია, მისი ხელშეწყობა და დაცვა მთელი მსოფლიო საზოგადოების საერთო ამოცანაა“.
„მხარეები ეწინააღმდეგებიან NATO-ს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას ცივი ომის დროინდელ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, მათი ცივილიზაციური და კულტურულ-ისტორიული ფუძის მრავალფეროვნებას. მხარეები ეწინააღმდეგებიან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დახურული ბლოკის სტრუქტურებისა და დაპირისპირებული ბანაკების ფორმირებას და ინარჩხუნებენ სიფხიზლეს აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი და ჩინეთი შეშფოთებას გამოხატავენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების ბლოკების (AUKUS) შექმნის გამო. მხარეები თანმხდებიან, რომ ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნებს, ზრდის რეგიონში შეიარაღების ირგვლივ შეჯიბრის საშიშროებას და წარმოადგენს ბირთვული იარაღის გავრცელების სერიოზულ რისკებს.
მხარეები ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან ბიოიარაღებთან დაკავშირებული შიდა და საგარეო აქტივობები სერიოზულ შეშფოთებას და კითხვის ნიშნებს იწვევს. მხარეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ მსგავსი ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და საზიანოა რეგიონების უსაფრთხოებისთვის.