აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ისევ განხორციელდება.
„როდესაც იქ ხარ, ხედავ, რომ პროექტი კარგ პროექტად რჩება...სამწუხაროა, რომ ასე დაყოვნდა, ის ჯერ ისევ არის კარგი პროექტია. ფოთში, შაბათს, ტერმინალის გახსნის დროს მითხრეს - როდესაც პორტს აშენებ, ტვირთი იქ მოდის, არ უნდა დაელოდო ჯერ ტვირთს და მერე ააშენო პორტი. უნდა არსებობდეს ხედვა, სტრატეგიული გეგმა იმის დასანახად თუ, რა არის საჭირო და შემდეგ, ამის მარკეტინგი გააკეთო ინვესტორებთან.
იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება, შესაძლოა, ეს არ მოხდეს ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას საფუძველი ჩაეყრება“, - განაცხადა კელი დეგნანმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
ინფორმაციისთვის, 2 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად შეაფასა. ამის შესახებ ელჩმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ, ფოთში ტერმინალის გახსნაზე ვიყავი. ეს მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის. ფოთის მონახულების შემდეგ წავედი ანაკლიაში, რომ დამეთვალიერებინა იქაურობა და უბრალოდ გული დამწყდა, რადგან ამ პორტში გემები უნდა შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ეს ბიზნესისთვის უნდა იყოს გახსნილი... მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეალურად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ვხედავთ, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ანაკლიის სახით რაღაც მნიშვნელოვანი "დაედო მაგიდაზე“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
მისივე თქმით, ახლა საქართველოს აქვს გეგმები ქაღალდზე და თუ ინვესტორები აპირებენ შემოსვლას, მათ უნდა დაინახონ, რომ მთავრობა ასი პროცენტით დგას ამ პროექტის უკან.
ცნობისთვის, ზაფხულში, Europetime-მა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ექსკლუზიურად ჩაწერა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. მისი თქმით, ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა.