„ჩვენ წელს სოლიდარობის ქალაქად თბილისს ვაცხადებთ. ვინაიდან, მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს გვაქვს ქვეყანაში", - განაცხადა თბილისის მერმა მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
კალაძემ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა, რადგან მათ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ ნაძვის ხის ანთების ცერემონიას.
„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ აქ არ ხართ. ეს ასეა საჭირო, იმიტომ რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. დღეს ბარბარობაა და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, ჩვენ ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით.
ეს საახალწლო განათებები, ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, შეუგუებლობა იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო." - განაცხადა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.