აშშ-მ ირანისთვის დაწესებული სანქციების შეზღუდვის მექანიზმი აღადგინა, რათა ამოქმედდეს ბირთვულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები. 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების გადარჩენის მიზნით აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკება ვენაში საბოლოო ფაზაში შედის.
სანქციების შეზღუდვის მექანიზმი გააუქმა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როცა მან აშშ-ს ბირთვული შეთანხმება დაატოვებინა და კვლავ დაუწესა თეირანს გამანადგურებელი სანქციები.
სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გაუგზავნა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ ხელმოწერილი ანგარიში, რომელშიც ახსნილია, რომ სანქციების გარშემო გამონაკლისების დაშვება ხელს შეუწყობს ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებას, მიაღწიონ მონაწილეებმა ბირთვული შეთანხმების - „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ (JCPOA) აღდგენას.
სანქციების შეზღუდვის მექანიზმის აღდგენა გაამარტივებს დისკუსიას, რომელიც ხელს შეუწყობს „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ კვლავ განხორციელების გარშემო შეთანხმებას და საფუძველს შეუქმნის ირანს, დაუბრუნდეს ამ გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - ვკითხულობთ ანგარიშში, რომლის ასლიც Reuters-ის სააგენტომ მოიპოვა.