"უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა.
მისივე თქმით, უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი.
„საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია. ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, ძალიან რთული პერიოდები იყო. ეს ძალიან დასაფასებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გასაკეთებელი არაფერია. ქართველები პირველები აღიარებენ იმას, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს.
უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა, როგორი სახის მხარდაჭერას უწევს მოქალაქეებს, როგორ ცდილობს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი.
საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის, განსაკუთრებით რეგიონებში. ვფიქრობ, ის პრინციპები, რომლებიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, ახლა უნდა აღსრულდეს და უნდა მოხდეს კანონის დამოუკიდებელი აღსრულება. კარგად ჩანს, თუ სად არის მომავლის გზა. ახლა მოძრაობაა საჭირო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.