საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილია. 112 მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.
„112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც მუშაობას აფერხებს. გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე. გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად:
• 112- სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;
• 112 1 - პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური;
• 112-2 -Covid -19 Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე.
112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები, შემდგომი მონიტორინგისთვის, გადაეცემა ოჯახის ექიმებს. თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ, დარეკოთ ცენტრალური ონლაინკლინიკის ცხელ ხაზზე - 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში, თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე“, - აღნიშნულია 112-ის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში აცხადებენ, რომ 112 პანდემიის დაწყებიდანვე აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს.