ამერიკის ელჩი: ვერ გეტყვით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პრიორიტეტების სიაში სად არის

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის ია მეურმიშვილის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რამდენად მალე შეიძლება ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდეს. კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა.

„ამ საკითხზე ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს აქვს მთავარი როლი. ვერ გეტყვით იმას სად არის ეს საკითხი პრიორიტეტების სიაში. ის, რის თქმაც შემიძლია, ის არის რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე უწყვეტად ვმუშაობთ. გასულ წელს ჩვენს შორის ვაჭრობამ ისტორიაში პირველად 1 მლრდ დოლარს მიაღწია. აშშ-ში ქართული ღვინის ერთი მილიონი ბოთლი გაიყიდა. ჩვენს შორის ვაჭრობა ფართოვდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, თუ მის გარეშე. ეს საკითხი განრიგშია, თუმცა ის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში აშშ მე-5 პოზიციაზეა. საქსტატის ანგარიშით, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.