ამერიკის ელჩი: ვაკვირდებით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს, როგორც ინდიკატორს, რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემსუბუქების თემაზე ისაუბრა ამერიკის ელჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას, განიხილავს თუ არა ამ საკითხს შეერთებული შტატები.

ელჩის შეფასებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს.

„ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულ წვლილს და მსხვერპლს, რომელიც საქართველომ გაიღო კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებში, რომლებშიც ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ.

სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.