ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ქვეყნისთვის ღირებული რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გასულ წელს და მანამდეც აშშ-ის კონგრესიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან დემოკრატიულ პროცესების უკუსვლაზე შეშფოთებები მოვისმინეთ. პირადად თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ დემოკრატიული პროცესის დასაცავად. საქართველოს მთავარობა კი აცხადებს, რომ რეფორმების პროცესი გეგმიურად პარტნიორებთან კოორდინაციით მიდის. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ურთიერთწინააღმდეგობა. შეერთებული შტატები მეტ რეფორმას ითხოვს, საქართველოს მთავრობას კი დამკვირვებლების შეფასებით, რეფორმების ნაწილში ჩავარდნები აქვს? რის გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ უკეთესს პროცესს შეუწყოს ხელი და რა მოხდება, თუ არაფერი შეიცვლება? - ამ კითხვით მიმართა კელი დეგნანს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა.
„ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა სასამართლო და საარჩევნო რეფორმები მთავარ პრიორიტეტად დაისახეს. ამ მხრივ, მეტი ძალისხმევა უნდა დავინახოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ინკლუზიური პროცესი, იმისთვის, რომ რეფორმები ღირებული იყოს, ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს.
საქართველოს შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა დიდი ხანია, რაც აქვს და ბევრი მეგობარი ჰყავს. როგორც კარგი მეგობრები, ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით და როგორც კარგი მეგობრები, ერთმანეთს უთანხმოებაზე ვეუბნებით. ხდებოდა სწორედ ეს, პირდაპირი გამოხატვა იმის, თუ რა იმედები გვაქვს, ან რისკენ მოვუწოდებთ საქართველოს საკუთარი დემოკრატიის ასაშენებლად.
აშშ მზადაა, საქართველოს ძლიერი დემოკრატიის ხედვის განხორციელებაში დაეხმაროს. ვერაფერს, რაც ამას ეწინააღმდეგება და რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროგრესს, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, გვირჩევია ეს კერძო საუბრები იყოს, მაგრამ ზოგჯერ საჯაროდაც ვაკეთებთ განცხადებებს, როდესაც რეფორმების ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ეს ღია საუბარია და ჩვენ ამას როგორც საქართველოს მეგობარი, ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.