ჭაში ჩავარდნილი მაროკოელი ბიჭის გარდაცვალების გამო მსოფლიო თანაგრძნობას გამოხატავს

მაროკოში, ქალაქ ტამოროთში, 5 წლის ბიჭი, რომელიც ჭაში 5 დღის წინ ჩავარდა, გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა რაიანის მამა ჭის შეკეთებას ცდილობდა. მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ბავშვს რამდენიმე წამით მოაშორა თვალი, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა. 

სამაშველო ოპერაცია რამდენჯერმე შეჩერდა, რათა ეკიპაჟებს შეემოწმებინათ, რომ ბორცვი დაცული იყო ჩამონგრევისგან. ამ პერიოდის განმავლობაში ადგილზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას სოლიდარობა გამოეხატა. მის ამოყვანას ადგილზე შეკრებილები სიხარულით შეხვდნენ. სოციალურ მედიაში გაჩნდა „ჰეშთეგი“ #SaveRayan, რომელიც პოპულარული იყო მაროკოსა და მთელ მსოფლიოში. მოგვიანებით, მაროკოს სამეფო სახლმა გაავრცელა ოფიციალური ცნობა, რომ 5 წლის რაიანა გარდაიცვალა.

ჭაში ჩაშვებული კამერიდან ხუთშაბათს გადაღებულმა კადრებმა აჩვენა, რომ ბიჭი ცოცხალი იყო, მაგრამ მას შემდეგ მისი მდგომარეობის შესახებ სიახლე აღარ ყოფილა. მაშველები ცდილობდნენ ბიჭისთვის ჟანგბადის, საკვებისა და წყლის მიწოდებას, მაგრამ გაურკვეველი იყო, შეეძლო თუ არა რაიანს მისი გამოყენება. მაშველებმა ჭაბურღილის გვერდით უზარმაზარი თხრილის გასაჭრელად ბულდოზერები გამოიყენეს. ბავშვი 32 მეტრის სიღრმეში იყო.

„დღეს მინდა ვუთხრა რაიანის მშობლებსა და მაროკოელ ხალხს, რომ ჩვენ ვიზიარებთ მათ ტკივილს“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Twitter-ზე.

5 წლის ბიჭის მშობლებმა, ხალედ ორამმა და ვასიმა ხერშეშმა მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა მათი შვილის გადასარჩენად.

„ეს არის ღვთის ნება“. „მადლობას ვუხდი ყველას დახმარებისთვის“, - განუცხადა რაიანის დედამ სატელევიზიო მედიას. 

რომის პაპმა ფრანცისკემ მწუხარების გამოხატვასთან ერთად, სამაშველო ოპერაციის დროს გამოვლენილ სოლიდარობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ხშირად გვიწევს უბედური შემთხვევების, მკვლელობების შესახებ ამბების ნახვა ტელევიზიით... მაგრამ საოცარი იყო იმის დანახვა, თუ როგორ ეხმარებოდნენ მაროკოელები ერთმანეთს, როდესაც ისინი ცდილობდნენ რაიანის გადარჩენას“...

საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ალჟირელმა ნახევარმცველმა ისმაელ ბენასერმა გამოაქვეყნა პოსტი, მას თან ახლდა სურათი, რომელზეც ცაში ბუშტთან ერთად აფრენილი ბიჭი, მაროკოს დროშის ფერებშია გამოსახული.

„რაიანის გამბედაობა დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, - დაწერა ფეხბურთელმა.


მომზადებულია BBC-ის და Guardian-ის მიხედვით.