2021 წლის ბოლო სამ თვეში, წინა კვარტალთან შედარებით, 80.95%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ოქტომბერ-დეკემბერში ჰუმანიტარული სტატუსი 38-მა პირმა მიიღო, საიდანაც ყველაზე მეტი, 10 ადამიანი სირიის მოქალაქეა, 9 კი ავღანეთის. ამავე პერიოდში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა ერაყის 5 და უკრაინის 4 მოქალაქეს. მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) ჰუმანიტარული სტატუსი სულ 5 პირს მიენიჭა, ხოლო პირველ კვარტალში (იანვარი - მარტი) 11-ს.
ამავე პერიოდში გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკაც - 2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 232 თავშესაფრის მაძიებელია რეგისტრირებული, რაც წინა სამი თვის მაჩვენებლებთან შედარებით 59-ით მეტია. თავშესაფრის მაძიებელთა შორისაა ირანის 45, თურქეთის 35, ხოლო ავღანეთის 7 მოქალაქე.
რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსმინიჭებულ პირებს, გასული წლის ბოლო კვარტალში ეს სტატუსი 14-მა ადამიანმა მიიღო, რაც წინა კვარტლის მონაცემებზე 9-ით მეტია. მათ შორის არიან ირანის, ლიბანისა და სირიის მოქალაქეები.
ამასთან, 2021 წლის ბოლო სამ თვეში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა სხვადასხვა ქვეყნის 114 მოქალაქეს (თურქეთი - 13, ეგვიპტე - 11, პაკისტანი - 11 და ა.შ.).