თელასი: თუ აბონენტებს, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ შეუძლიათ, მოგვმართონ

სს „თელასი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თუ მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ, კომპანია „თელასს“ შესაბამისი განცხადებით მიმართონ. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, განცხადება უმოკლეს ვადებში იქნება განხილული.

„იმ შემთხვევაში თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება.

მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო. მათ მიერ აბონენტებისადმი დარიცხული დავალიანებების შესწავლისთვის, სემეკს 1 თვე აქვს, თუმცა, როგორც კომისიის წარმომადგენელი აცხადებს, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ეცდებიან, საკითხის შესწავლა თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში დაასრულონ.